English / ქართული / русский /
ნინო ჟორჟიკაშვილი
მაკროპრუდენციული პოლიტიკის ინსტრუმენტის- სტრეს-ტესტის გამოყენებასაბანკო-საფინანსო სექტორში

ანოტაცია. ფინანსური სტაბილურობის მიღწევა ნებისმიერი ქვეყნის მთავარ გამოწვევას წარმოადგენს  განსაკუთრებით კი, 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდგომ. ჯანსაღი ფინანსური სისტემა ქმნის პირობას ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ეკონომიკური მიზნების მისაღწევად, აქედან  გამომდინარე  დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ფინანსური კრიზისის გამომწვევი სისტემური რისკების  იდენტიფიცირებას, მათ მიტიგაციას და აღმოფხვრას. 2008 წლის გლობალურმა  ფინანსურმა კრიზისმა კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი მაკროპრუდენციული პოლიტიკის უფრო აქტიურად გამოყენების თაობაზე, კერძოდ კი აღნიშნული გულისხმობს საბანკო-საფინანსო სექტორის სტრეს-ტესტის ეფექტურ გამოყენებას, რომელიც წარმოადგენს სიმულაციურ მოდელს და რომლის საფუძველზეც შესაძლებელია მომავალში შოკის  წყაროს იდენტიფიცირება  და მისი თავიდან აცილება, შეძლებისდაგვარად.

საკვანძო სიტყვები: მაკროპრუდენციული პოლიტიკა, სისტემური რისკები, სტრეს-ტესტი. 

სტრეს-ტესტის გამოყენება საბანკო-საფინანსო სფეროში 

საბანკო სექტორის სტრეს-ტესტი არის სიმულაციური მოდელი, რომელიც ეყრდნობა საბანკო ინსტიტუტების ბალანსის საფუძველზე მათი მდგომარეობის შეფასებას. დიდი ზომის ბანკებმა აღნიშნული პრაქტიკის გამოყენება ჯერ კიდევ XX საუკუნის 90-იან წლებში დაიწყეს. ამ პერიოდისათვის სტრეს-ტესტირება ტარდებოდა ცალკეული ფირმის შიგნით, თავიანთ საკუთარ მოდელებზე დაყრდნობით და პრაქ­ტიკაში  არ იყო  დამკვიდრებული  მთელი საფინანსო სექტორის დონეზე ფინანსური სტაბილურობის შეფასება. სტრეს-ტესტირება ეფუძნებოდა ისტორიულ დამოკი­დებულებებს ცვლადებს შორის, იგულისხმება რომ რისკის წყარო ცნობილია და წარსულში არსებული ტენდენციები შენარჩუნდება მომავალშიც, თუმცა ბოლო წლებში მაკროპრუდენციული პოლიტიკის სრულყოფასა და განვითარებასთან ერთად, გამოვლინდა აღნიშნული  მიდგომის სისუსტე. დროის მსვლელობასთან ერთად იცვლება შოკის მახასიათებლები და შესაბამისად იცვლება ეკონომიკური მაჩვენებლების ქცევა, ამიტომ საჭიროა წინმსწრები ინდიკატორების აქტიური გამოყენება, რათა შესაძლებელი გახდეს  მომავალში შოკის  წყაროს იდენტიფიცირება  და შეძლე­ბისდაგვარად მისი თავიდან აცილება.

1999 წელს სსფ-სა და მსოფლიო ბანკის თაოსნობით განხორციელდა ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამა  (FSAP)[1], სადაც ხაზგასმული იყო ფინანსური ფრიქ­ციების უარყოფითი გავლენა რეალურ სექტორზე.

2004 წელს (BIS, 2005:3) ბაზელის კომიტეტმა გამოსცა რეგულაცია, რომელიც ითვალისწინებდა საკრედიტო რისკის სტრეს-ტესტირების ჩატარებას ყველა ბანკის დონეზე. რეგულაცია ავალდებულებდა ბანკებს, აეგოთ საკუთარი  სიმულაციური მოდელები კაპიტალის ადეკვატურობის, პორტფელის მდგრადობისა და საკრედიტო რისკის შესაფასებლად.

2007-2009 წლების გლობალურმა ფინანსურმა კრიზისმა გამოკვეთა სტრეს-ტესტირების მწირი და არადამაკმაყოფილებელი პრაქტიკა და სიძნელეები ბანკის რისკ-მენეჯმენტში. საჭირო გახდა მიდგომის შეცვლა, რაც გულისხმობდა სტრეს-ტესტირების პრაქტიკის დახვეწას და მის სავალდებულო განხორციელებას თითოეული ბანკის დონეზე.

აშშ-ის საბანკო სისტემა იყენებს  CLASS (Capital and Loss Assessment under Stress Scenarios) მოდელს, რომელიც განეკუთვნება “top‐down” ტიპის სტრეს-ტესტს[2]. აღნიშნული მოდელი ეყრდნობა რეგრესიულ განტოლებათა სისტემის შეფასებას და მაკროეკონომიკური და ფინანსური გარემოს შესახებ არსებულ ინფორმაციას, რომელიც მხედველობაში იღებს ბანკის  შემოსავლებს, დანახარჯებს, სასესხო პორტფელს, დივიდენდებსა და სხვა მაჩვენებელებს. მისი დადებითი მხარე იმაში მდგომარეობს, რომ საკმაოდ სწრაფად ხდება ფინანსური სექტორის შესახებ ალტერნატიული მოდელების აგება, თუმცა მის ნაკლად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ ახდენს ფირმებს შორის განსხვავების იგნორირებას. აქედან გამომდინარე, აგრეგირებული მონაცემების  შემთხვევაში მიიღება საკმაოდ ზუსტი პროგნოზი, თუმცა ცალკეული ფინანსური ინსტიტუტის დონეზე შედეგები შეიძლება არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდეს.  ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად ფედერალური სარეზერვო სისტემა ავალდებულებს თითოეულ ფინანსურ ინსტიტუტს, განახორციელონ იდიოსინკრატული (დამახასიათებელი) სტრეს-ტესტირება. რადგანაც აღნიშნული ინსტიტუტები განსხვავდებიან ბევრი მახასიათებლით, ამიტომაც საჭირო ხდება თითოეული ფირმის დონეზე ფინანსური მდგრადობის შეფასებისადმი სპეციფიკური მიდგომა. იდიოსინკრატულ სცენარებში თითოეულმა ფინანსურმა ინსტიტუტმა უნდა გაითვალისწინოს საკუთარი შოკის წყარო  და განსაზღვროს შოკის მოხდენის პირობებში ლიკვიდობისა და კაპიტალის ადეკვატურობის მაჩვენებელები. CCAR ანგარიშის წარდგენა ხდება წელიწადში 2-ჯერ:  იანვარსა და ივლისში. 

გრაფ. 1.  სტრეს-ტესტირების პრაქტიკის ევოლუცია

წყარო: Bank of England,“stress-testing of banks”, 2016:133 

მაკროპრუდენციულ პოლიტიკაში სტრეს-ტესტირება გულისხმობს მთლიანად ფინანსური სექტორის შესახებ ინფორმაციის მოპოვებას და მისი მდგომარეობის წინასწარ განსაზღვრას სიმულაციური მოდელის საფუძველზე ენდოგენური და ეგზოგენური შოკების გათვალისწინებით (International Monetary Fund, 2015:8).

ეს რთული ამოცანაა, რადგან ფინანსური სექტორი უამრავი ფირმისა და ორგანიზაციისგან შედგება, რომლებიც განსხავდებიან მახასიათებლებით. ამიტომ სიტუაციის სწორად გაანალიზებისათვის საჭიროა ზუსტ მონაცემთა ბაზა და მძლავრი საზედამხედველო პოლიტიკა. სტრეს-სტესტირება ძალზე ღირებულია პოლიტიკის გამტარებელთათვის, რადგანაც აქვს პოტენციალი შესთავაზოს მათ რაოდენობრივი, ხარისხობრივი, მომავალზე ორიენტირებული მიდგომა როგორც ცალკეული, ისე მთლიანად საფინანსო სექტორის შეფასების მხრივ და დახმარება გაუწიოს პოლიტიკის გამტარებელს სწორი მაკროპრუდენციული ინსტრუმენტის შერჩევასა და დაკალიბრებაში.

ამ ინსტრუმენტის გამოყენებისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროით ჰორიზონტს. ერთი მხრივ, ტესტმა, რომელიც გათვლილია დროის მოკლე პერიოდზე, შეიძლება ვერ შეძლოს იმ შოკების გამოვლენა, რომლებიც დროში თანდათან და შეუმჩნევლად ვითარდება. მეორე მხრივ, დროში გაწელვა ამ ინსტრუმენტის გამოყენებისა, ამცირებს  აღნიშნული პოლიტიკისადმი ნდობას  საზოგადოების მხრიდან. მრავალ ქვეყანაზე დაკვირვების შედეგად, ბაზელის კომიტეტი აღნიშნავს, რომ უმრავლესობა სტრეს-ტესტის ჩატარებისას იყენებს ძირითადად 3-წლიან პერიოდს და მხოლოდ ქვეყნების  მცირე რაოდენობა  მიმართავს 4-5-წლიან პერიოდს შეფასებისათვის (BIS, 2017:7)

მნიშვნელოვანია შოკების განსაზღვრა და მათი შეფასება, რომელიც რამდენიმე სუბ-ეტაპისაგან შედგება. თავდაპირველად ხდება შოკის განსაზღვრა, იდენტიფიკაცია, შემდეგ მისი დაკალიბრება (ზომისა და სხვა რიცხობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით), ბოლო ეტაპზე კი − უშუალოდ მისი განხორციელება  და შედეგების შეფასება.  შოკის ზომის განხილვისას გამოიყენება ისტორიული მეთოდი,  რადგან წარსული გამოცდილების საფუძველზე განიხილება უკვე მომხდარი შოკების გამოვლენის ფორმები და შედეგები. ფინანსური რისკების ,,ზომის’’ განსაზღვრისათვის მიმართავენ კერძო სექტორის, ფინანსური ინსტიტუტებისა და ერთობლივი მოთხოვნის მონაცემებს.

შოკის შედეგების შეფასება. ამ ეტაპზე ხდება თითოეული შოკის გავლენის შეფასება ფინანური სისტემის მდომარეობაზე და დანაკარგების გამოსახვა რიცხვით მაჩვენებლებში. აქ განიხილება ეკონომიკის რეალური სექტორის მაჩვენებლების კორელაცია ფინანსური სექტორის მაჩვენებლებთან და მათი ურთიერთზეგავლენის ხარისხი. შოკის შედეგის შეფასების 2 გზა არსებობს: 1) განიხილება კონკრეტული შოკი სხვა შოკებისაგან იზოლირებულად და ხდება მისი გავლენის შეფასება ფინანსურ სტაბილურობაზე, 2) განიხილება ერთდროულად შოკის სხვადასხვა წყარო და მათი ერთობლივი გავლენა ფინანსურ მდგომარეობაზე, ე. ი.  შოკები აიღება აგრეგირებულად.

პოლიტიკის შემუშავება და რეგულაციები. ამ ეტაპზე პოლიტიკის გამტარებლები აანალიზებენ სიმულაციური მოდელის შედეგებს და მათზე დაყრდნობით იღებენ საჭირო ზომებს, რათა ხელი შუწყონ ფინანსური სტაბილურობის ზრდას და შოკების შედეგების მინიმიზაციას. ბაზელის კომიტეტის შეფასების თანახმად, ქვეყნების უმრავლესობა ყოველწლიურად ახდენს სტრეს-ტესტის ჩარჩოს გადახედვას, გარდა ამისა დიდი მნიშვნელობა ენიჭება შიდა აუდიტს, რომელიც მოიცავს სტრეს-ტესტირების პროგრამის მთავარ ელემენტებს. რაც შეეხება სტრეს-ტესტის მეთოდოლოგიას, ყველა საბანკო დაწესებულება ითვალისწინებს უარყოფით შოკებს  სცენარის აგებისას,   ხოლო ბანკების 2/3 მხედველობაში იღებს ასევე სექტორებისა და ინდუსტრიების სპეციფიკით გამოწვეულ შოკებს (BIS, 2017:8).

 წარმატებული სტრეს-ტესტირების პროგრამა ითვალისწინებს მრავალგვარი სცენარების აგებას, მათ შორის სცენარების, რომელიც მომავლის ტენდენციებს შეაფასებს და გაითვალისწინებს გლობალურ  მაკროფინანსურ კავშირებს, მომავალი შოკის შესაძ­ლო წყაროების  შეფასება კი ემყარება ექსპერტთა განსჯას და მოითხოვს მათი კომპეტენციის ძალიან მაღალ დონეს საკვლევ სფეროში. 

დასკვნა 

ეკონომიკური გარემოს სიჯანსაღე დიდწილად არის დამოკიდებული საბანკო-საფინანსო სფეროში მიმდინარე მოვლენებსა და პროცესებზე. გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბანკო-საფინანსო სფეროში შოკების შესაძლო წყაროების განსაზღვრას და მათ იდენტიფიცირებას, რაც გლობალურ დონეზე ახდენს გავლენას. აღნიშნული მიმართულებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა საბანკო-საფინანსო სექტორის სტრეს-ტესტირებას.  წარმატებული სტრეს-ტესტირების პროგრამა ითვალისწინებს მრავალგვარი სცენარების აგებას, მათ შორის ისეთის, რომელიც მომავლის ტენდენციებს შეაფასებს და გაითვალისწინებს გლობალურ მაკროფინანსურ კავშირებს. მომავალი შოკის შესაძლო წყაროების  შეფასება კი ემყარება ექსპერტთა განსჯას და მოითხოვს მათი კომპეტენციის ძალიან მაღალ დონეს საკვლევ სფეროში, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური და ფინანსური სექტორების სტაბილურობის გარანტიას იძლევა. 

გამოყენებული ლიტერატურა

1. საქართველოს ეროვნული ბანკი (2017). კაპიტალის დამატებითი ბუფერის მოთხოვნა სისტემური ბანკებისათვის, 23.

2. Bank of England,(2016). stress-testing of banks,133.

3. Basel Committee on Banking Supervision, (2005). Supervisory and bank stress testing: range of practices, 3.

4. Basel Committee on Banking Supervision, (2017). Supervisory and bank stress testing: range of practices, 7.

5. International Monetary Fund, (2015). Stress Testing the Banking Sector-Technical Note

    Report No. 15/7, 8. 



[1]ფინანსური სექტორის შეფასების პროგრამა (FSAP) ითვალისწინებს  ფინანსური სექტორის ძლიერი და სუსტი მხარეების შეფასებას სისტემურ რისკებთან მიმართებით.

1“top‐down” ტიპის სტრეს-ტესტი-ეროვნული ბანკის მიდგომა, რომელიც გამოიყენება ბანკების საბალანსო უწყისის მოდელირებისა და კაპიტალის ადეკვატურობაზე მოქმედი რისკ-სცენარების შესაფასებლად.